ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის №569 განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულს, პირველ ეტაპზე, 3 535 500 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტის 16 სოფელში, ჯამში 23 კმ. გზა დაიგება,- ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ, გამგებლისა და მისი პირველი მოადგილის არჩილ მაღრაძის მუშაობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად, მუნიციპალიტეტს დამატებითი თანხები გამოეყო.

ყოველივე ამის შემდეგ, ხარაგაულში, მიმდინარე წელს, დამატებით, 10 სოფლის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ჯამში 22 კმ. გზის შესაკეთებლად, რეგიონული განვითარების ფონდი 2 598 335 ლარს გამოყოფს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ხარაგაულში, 2017 წელს, უპრეცენდენტო რაოდენობის პროექტები განხორციელდება. რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5%-იანი თანადაფინანსება დაემატება და მთლიანობაში, 6,5 მილიონი ლარით, მუნიციპალიტეტის 26 სოფელში 45 კმ. გზას ჩაუტარდება სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია.

როგორც ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, 2017 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიენიჭა და 26 სოფლიდან მხოლოდ ერთ სოფელში, ნადაბურში, აშენდება ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, დანარჩენ 25 სოფელში კი, გზების ის მონაკვეთები მობეტონდება, სადაც განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა.

გამგებლის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მეორე ეტაპზე დაფინანსებული გზების რეაბილიტაციის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ტენდერებს ივლისში გამოაცხადებს. ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, რომ 2,5 მილიონი ლარით დაფინანსებული პროექტები იქნება გარდამავალი და გზები, რომელთა კილომეტრაჟობა 2000 მეტრს აღემატება, დაიწყება წელს და მომავალ წელს დასრულდება.


რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე დაფინანსებულ პროექტებზე ტენდერები უკვე დასრულებულია და სამუშაოები მიმდინარეობს.

გთავაზობთ რეგიონული განვითარების ფონდიდან მეორე ეტაპზე დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალს:




1. სოფელ ფარცხნალში აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (984 მეტრი, 176 124 ლარი);
2. დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდა (გარდამავალი პროექტი, სულ საპროექტო ღირებულებაა 382 508 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 202 508 ლარი);
3. სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (4076 მეტრი);
4. ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (4600 მეტრი, გარდამავალი პროექტი, სურული ღირებულებაა 554 306 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 494 306 ლარი );
5. სოფელ ჩრდილის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2400 მეტრი, 325 083 ლარი);
6. სოფელ კიცხის (მდინარაძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია (2 500 მეტრი, გარდამავალი პროექტი, სულ საპროექტო ღირებულებაა 445 000 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 88 812 ლარი);
7. სოფელ ღვერკში გზის რეაბილიტაცია (1400 მეტრი, 161 414 ლარი);
8. ლაშის ა/ერთეულის სოფელ ხემაღალში გზის რეაბილიტაცია 2 100 მეტრი და ლაშეში მანჯავიძეების უბანში (ბორის მანჯავიძის სახლამდე 250 მეტრი) გზის რეაბილიტაცია (275 000 ლარი);
9. სოფელ საქარიქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2 200 მეტრი, გარდამავალი პროექტი, სურული ღირებულებაა 313 634 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 125 400 ლარი);
10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარის (ქვედა ლახუნდარა, ეკლესიის უბანი) ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (2350 მ, გარდამავალი პროექტი, სურული ღირებულებაა 400 000 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 200 000 ლარი);