„დასრულდა ქუთაისის ოლიმპიურ აუზის მშენებლობა და თანაც, ძალიან მალე. ტესტირებების დასრულების შემდეგ, გვექნება ღირსეული სივრცე, სადაც ბავშვები, მოზარდები, პროფესიონალი სპორტსმენები და ზოგადად, სპორტის მოყვარულები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის პირობებში ვარჯიშს, როგორც აუზებზე, ისე ფიტნეს დარბაზში“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქუთაისში, ახალი ოლიმპიური აუზის დათვალიერების შემდეგ.

ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.

მინისტრის თქმით, თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის. ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე  საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო, სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. გარე ტერიტორიაზე კი, მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.

„აუზი განკუთვნილია, როგორც ცურვისთვის, ისე წყალბურთის და სინქრონული ცურვის ღონისძიებებისთვის. აბსოლიტურად ყველა აღჭურვილობა უკვე მოწოდებულია და ამჟამად მიმდინარეობს მონტაჟი და ტესტირება, რომელიც ძალიან მალე დასრულდება, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.

აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 13.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო.