2023 წლის 22 სექტემბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში ჭიათურის კულტურის ცენტრში გაიმართა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაზემ, GIZ-ის პროექტის CESL მთავარმა ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა, VAADS Deen-ის წარმომადგენელმა ჯესი ვოგლერმა.
მოწვეულ სტუმრებს შორის ექსპოზიციაზე ახალგაზრდა თაობის საპროექტო ინიციატივებს გაეცნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები; არქიტექტორები, ურბანისტები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო, კრეატიული ინდუსტრიის ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში თავმოყრილია ჭიათურის არქიტექტურული ობიექტების დღეისთვის არსებული მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, ასევე მოცემულია ურბანული განვითარების ტენდენციების განხილვა, რათა აღიბეჭდოს თუ როგორია ამ ქალაქის ისტორიული ინფრასტრუქტურა დიდი ცვლილებების პროცესში. ასეთი პოზიცია ფართო ჭრილში გვაჩვენებს დროთა კავშირზე, როგორც ინდუსტრიულ წარსულთან, ასევე ქალაქის ლანდშაფტის უფრო ღრმა გეოლოგიურ ისტორიასა და მის სამომავლო პერსპექტივებთან. ქალაქ ჭიათურის ურბანული განვითარების კონცეპტუალურ პროექტზე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სტუდენტებმა სწავლების პროცესში მთელი სემესტრის განმავლობაში იმუშავეს. მათი ხედვა მოიცავს ქალაქის იდენტობის და კულტურის კვლევას, ისტორიული ურბანული ქსოვილისა და თანამედროვე არქიტექტურული გარემოს ურთიერთდაკავშირებას იმ მიზნით, რომ ქალაქის განაშენიანების, ინფრასტრუქტურული ცვლილებების, რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი სწორი განვითარებით წარიმართოს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი პროექტის ფარგებში მოხდა იმ ინიციატივის დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს ჭიათურის უნიკალური ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევას. იმედი მაქვს, რომ სტუდენტების ასეთი დეტალური ნამუშევრები ჭიათურის ურბანული განახლებისთვის მუნიციპალიტეტისთვის სამომავლოდ ინსპირაცია გახდება. დიდ მადლობას ვუხდი ქალაქის მერს, საჯარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს.“ - გამოფენის გახსნაზე განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის CESL-ის მთავარმა ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა
ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. ამ სოლიდური პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.
პროექტი ძირითადად მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის თითქმის 4 წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები (მაგ. ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა) გამიზნულია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას.