განახლებული ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა ერეკლე დეისაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „გემრიელად მიირთვით“.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ასევე, თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ საბაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი და მოწვეული სტუმრები.
თეატრის შენობა კულტურის სამინისტროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2023 წელს გარემონტდა, მოეწყო კაფე და განახლდა დარბაზი.
სპექტაკლის „გემრიელად მიირთვით“ რეჟისორი და მუსიკალურად გამფორმებელია ლექსო ჩემია; მხატვარი - ლელა ფერაძე; სპექტაკლში მონაწილეობენ: ანი ხუბუტია, ცირა ტაბატაძე, მაია თორდუა, ლია გელაშვილი, მიხეილ ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ თეატრი ამიერიდან სპექტაკლებს უფროს თაობასაც შესთავაზებს: დღის პირველ ნახევარში პატარებს უმასპინძლებს, საღამოს კი უფროსი მაყურებლისთვის გამართავს წარმოდგენებს. „გემრიელად მიირთვით“ სწორედ უფროსებისთვის განკუთვნილი სპექტაკლია.
სპექტაკლი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ცხოვრების შესახებ, რომელსაც სურს ჰქონდეს ბედნიერი ოჯახი, თუმცა იგი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება, რაზეც გარშემომყოფები თვალს ხუჭავენ. მამაკაცს მზრუნველი, პატივსაცემი პიროვნების ნიღაბი აქვს მორგებული, ქალი კი ვერ არწმუნებს საზოგადოებას, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და, სამწუხაროდ, ვერც თანაგრძნობას იღებს მათგან. სპექტაკლი ასახავს იმას, თუ როგორ შეიძლება გაწიროს ადამიანი საზოგადოების გულგრილმა და არაობიექტურმა დამოკიდებულებამ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ 2022 წლის 1-ელ აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე შეიქმნა თოჯინების თეატრების გაერთიანება. განხორციელდა რეორგანიზაცია თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, კერძოდ, ეს თეატრები გაერთიანდა. ახალ ორგანიზაციას სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ეწოდა.
2022 წლის 9 ნოემბერს სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ხოლო 2023 წლის 3 იანვარს გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი შეუერთდა. თოჯინების თეატრების გაერთიანების მიზანია თეატრების მენეჯმენტის გაუმჯობესება, შემოქმედებითი საქმიანობის გამრავალფეროვნება და თეატრების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა.