სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; სრულად შეიცვალა კარ-ფანჯარა და ელექტრობა. სკოლაში ფუნქციონირებს კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის და რესურს ოთახები. 150 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა ადაპტირებული გახდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყო პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები. ეზოში გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე, დაიგო ასფალტის საფარი, გამოიცვალა ჭიშკარი და ღობე. ახლად რეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით ამჟამად სკოლის 123 მოსწავლე და 36 თანამშრომელი სარგებლობს. სამუშაოები, რომლის ღირებულება მილიონ ლარია, სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელა. სკოლის ახლად რეაბილიტირებული შენობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.