ბოლნისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტის  ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა.

ახალი სადგური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ობიექტი მოემსახურება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს. ამასთან, შეიქმნა დამატებით სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ნარჩენების გადამტვირთავი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადგური, რომელიც მოემსახურება ორ მუნიციპალიტეტს - დმანისსა და ბოლნისს. პროექტი შეადგენს თეთრიწყაროში ნარჩენების განთავსების მშენებარე ობიექტის ინფრასტრუქტურულ ნაწილს. საბოლოოდ, მათი ექსპლუატაციაში შესვლა გააუმჯობესებს როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე, რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მიხეილ გოგოლიძემ აღნიშნა, რომ ახალ ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება: „ვაგრძელებთ ახალი ობიექტების გახსნას. ვიმყოფებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც  გაიხსნა ახალი გადამტვირთავი სადგური, რომელიც შედგება ოთხი უჯრედისაგან. ობიექტზე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღიჭურვა სპეციალური ავტომობილებით. ნარჩენების გადამტვირთავი სადგური მოემსახურება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს,  შესაბამისად, დაწყებულია ბოლნისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დასახურად საჭირო პროცედურები“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ოპერირების პარალელურად, მიმდინარეობს ბოლნისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. მიმდინარე წლის ბოლოს, ნარჩენების განთავსების ძველი ობიექტის დიდი ნაწილი, კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაიხურება. ფუნქციონირებას გააგრძელებს მხოლოდ ძველი ნაგავსაყრელის ცხოველური ნარჩენების განთავსების უჯრედი, რომლის დახურვაც 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.