ბათუმში, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც. შეფერხებით მოძრაობდა ტრანსპორტი აღმაშენებლის, კობალაძის და ბაგრატიონის ქუჩებზე.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ეტაპობრივად ყველა ლოკაციაზე ხორციელდება. უწყვეტად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებიც.
"სანიაღვრე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. ასევე, ქალაქის სანიაღვრე ქსელი მუშაობს და გამტარუნარიანია, თუმცა სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა შექმნა რამდენიმე ლოკაციაზე პრობლემები, დატბორილია ქუჩები და რამდენიმე კომერციულ ფართში შევიდა წყალი. დაახლოებით, 20-მდე სპეცტექნიკა მუშაობს, როგორც ზღვაში შემსვლელი არხები იწმინდება სპეციალური ექსკავატორებით, ასევე ქალაქის მასშტაბით მუშაობს ამოსატუმბი მანქანები. დაახლოებით, ამ ეტაპისთვის შემოსულია 30-მდე ზარი ცხელ ხაზზე და ყველა ამ ზარზე მიმდინარეობს რეაგირება", - განაცხადა "ბათუმის წყლის" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ.








