აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კურორტის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე. დეტალურად განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ზამთრის პერიოდში გზების უწყვეტი გაწმენდის საკითხები, რაც კურორტზე ოთხივე სეზონის განმავლობაში შეუფერხებელ გადაადგილებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კურორტზე ჯანდაცვის სერვისების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტის ფარგლებში კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას, რაც საგამოფენო სივრცის, ღია და დახურული ტიპის ავტოსადგომების, თოვლის სატკეპნი ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარისა და 80 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია საგამოფენო ბაზრისთვის საჭირო ნაგებობები, სადაც აფთიაქი, მარკეტი, სწრაფი კვებისა და თხილამურების გაქირავების ობიექტები განთავსდება. პარალელურად მიმდინარეობს ავტოსადგომისა და საპარკინგე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რენარ ბოლქვაძემ.








