თეატრალურ მოედანზე მრავალფეროვანი საბავშვო, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოქალაქეებისთვის სპეციალურად მოეწყო სივრცეები, სადაც დამთვალიერებლებმა სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის დელეგატის ბიუროსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, ანსამბლებმა - “რეხეული” და “შემოქმედი” საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ფერადი ფოიერვერკის ფონზე, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს 10-მეტრიანი დროშა გაშალეს.
 „ ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ მთელს საქართველოს და უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე წვევამდელებს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა, რომლისთვისაც იბრძოდნენ წინაპრები და სამშობლოსთვის თავდადებული გმირები. მათ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლას. სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე.
საზეიმო ღონისძიებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ოზურგეთის მერიის ჩართულობით გაიმართა.