ლატვიის სეიმში სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისთვის საჭირო ორიდან პირველ მოსმენაზე სტამბოლის კონვენციის დატოვებას მხარი სხდომაზე მყოფი 84 დეპუტატიდან (სულ სეიმში 100 დეპუტატია) 52-მა დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, 31-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
დაგეგმილია, რომ მეორე და საბოლოო მოსმენა 30 ოქტომბერს შედგება.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი დარწმუნებულია, რომ სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყნის საარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადასვლით არის განპირობებული.
„ეს უბრალოდ საარჩევნო კამპანიაა და პრეზიდენტი კამპანიაში არ მონაწილეობს“, - თქვა მან.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ თუ სტამბოლის კონვენციიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი მის მაგიდაზე აღმოჩნდება, მას სამი ვარიანტი ექნება:
1) კანონპროექტი სეიმში ხელახლა განსახილველად დააბრუნოს;
2) კანონპროექტის დაბრუნების და მისი შენიშვნების გარეშე კვლავ მიღების შემთხვევაში კანონპროექტის ამოქმედება შეაჩეროს ორი თვით ან იგივე აუცილებლად მოიმოქმედოს არანაკლებ 34 დეპუტატის მოთხოვნის შემთხვევაში (კანონპროექტის მოწინააღმდეგე პარტიებს 33 დეპუტატი ჰყავთ, თუმცა დამოუკიდებელ დეპუტატთაგან კიდევ ერთის მიმხრობა შესაძლებლად მიიჩნევა - „აიპრესი“);
3) კანონპროექტის ძალაში შესვლის შეჩერების ორთვიან ვადაში ქვეყნის მოქალაქეთა 10%-ის შეგროვების შემთხვევაში კანონპროექტის რეფერენდუმზე გატანა.
კითხვას, მზად იყო თუ არა რეფერენდუმის ჩასატარებლად, რინკევიჩმა პირდაპირ არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ მას მოქმედების სამი ვარიანტი ჰქონდა და გადაწყვეტილებას კანონპროექტის მის მაგიდაზე ხილვის შემდეგ მიიღებდა.
სტამბოლის კონვენციიდან ლატვიის გასვლის შესახებ დებატები სექტემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც კოალიციაში შემავალმა „მწვანეების და ფერმერების კავშირმა“ ამ საკითხში მთავრობის პოზიციის წინააღმდეგ სხვა პოლიტიკური ძალებს დაუჭირა მხარი
ამ კავშირმა ასევე მხარი დაუჭირა დოკუმენტის რატიფიკაციას 2023 წლის ნოემბერში, რაც მაშინ კოალიციის ერთ-ერთი ვალდებულება იყო.
ლატვიური პრესა აღნიშნავს, რომ სეიმში კანონპროექტი ისე გაიტანეს განხილვაზე, რომ არ დაელოდნენ მასზე ვენეციის კომისიის დასკვნას.
ცნობისთვის, ლატვიის პრეზიდენტად ედგარ რინკევიჩი 2023 წლის 31 მაისს აირჩიეს. იგი არის პირველი ღია გეი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის გახდა. ამასთან დაკავშირებით კითხვაზე ედგარ რინკევიჩმა უპასუხა, რომ „ეს დიდი ხნის წინ იყო".
სტამბოლის კონვენციას, რომელიც ღიაა ხელმოწერისთვის 2011 წლის 11 მაისიდან, ლატვიამ ხელი 2016 წლის ივნისში მოაწერა, მისი რატიფიცირება კი 2023 წლამდე არ ხერხდებოდა მასში გენდერული კონცეფციის შესახებ არსებული ჩანაწერის მოწინააღმდეგეთა პოზიციის გამო.
სტამბოლის კონვენციას საქართველომ ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერა, მოლდოვამ 2017 წლის თებერვალში, უკრაინამ კი 2011 წლის ნოემბერში. კონვენციის რატიფიცირება საქართველოში 2017 წლის მაისში მოხდა, მოლდოვაში 2021 წლის ოქტომბერში, უკრაინაში კი 2022 წლის ივნისში.
სტამბოლის კონვენცია დღემდე არ აქვთ რატიფიცირებული ბულგარეთს, ლიეტუვას სლოვაკეთს, უნგრეთს და ჩეხეთს და აგრეთვე სომხეთს. თურქეთმა კონვენციის რატიფიცირებას 2012 წელს დაუჭირა მხარი, 2021 წელს კი დენონსირების შესახებ გამოსცა აქტი.




