სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა

.შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ილია მეორე აწერს ხელს.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა. ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს ყურაშვილის მხრიდან "კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები". ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.