„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძესთან და მის პარტიასთან „რესპუბლიკურ პარტიასა“ და სხვა პროდასავლურ პარტიებს პრინციპული უთანხმოება აქვთ საგარეო კურსთან დაკავშირებით.
როგორც ზურაბიშვილმა „აიპრესს“ უთხრა, კარგი იქნებოდა ბურჯანაძე ახლა არ წასულიყო მოსკოვში, თუმცა ოპოზიცია ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ არის გაერთიანებული და იდეური ერთობა არ არის ეს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ საქმის კურსში არ იყვნენ, თუ გეგმავდა მოსკოვში ვიზიტს ბურჯანაძე, თუმცა აქვე დასძენს, რომ მათ არ აქვთ ისეთი ურთიერთობა ერთმანეთს უთანხმებდნენ ვიზიტებს. „პროპორციული არჩევნების მოთხოვნას რაც შეეხება, ჩვენ აქ არ ვართ პოლიტიკური პარტიები შეკრებილი სხვა ნიშნით. ჩვენ ვართ შეკრებილები იმისთვის, რომ ყველას გვინდა პროპორციული არჩევნები და მხოლოდ ამ ფორმატში ვსაუბრობთ. ნინო ბურჯანაძესთან და მის პარტიასთან „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვა პროდასავლურ პარტიებს პრინციპული წინააღმდეგობა გვაქვს. პრინციპული უთანხმოება გვაქვს საგარეო კურსთან დაკავშირებით. ის პოზიცია, რაც აქვს ქალბატონ ნინოს და მის პარტიას, ჩვენ პრინციპულად არასწორ და გაუმართლებელ პოზიციად მიგვაჩნია. ასევეა წინააღმდეგობა „პატრიოტთა ალიანსთანაც“, თუმცა როდესაც იყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გერმანულ ვარიანტზე ირმა ინაშვილიც უჭერდა მხარს. ანუ, ეს არ არის იდეურ თანამოაზრეთა ერთობა, ეს არის ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ შეთანხმება. აქედან გამომდინარე ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა ქალბატონი ნინო ახლა არ წასულიყო მოსკოვში. მაგრამ, სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს ყველას პრორუსულ პარტიებსაც, პროდასავლურსაც და ყველასაც. რაც შეეხება იმას, ვიყავით თუ არა საქმის კურსში იმის შესახებ, რომ მოსკოვში აპირებდა წასვლას. ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთს ვუთანხმებდეთ ერთმანეთს ვიზიტებს. გახლეჩვას არ ნიშნავს ეს. ხელისუფლება ცდილობს, რომ ერთი პრორუსული პარტიის პოზიცია მთელი ოპოზიციის პოზიციად წარმოაჩინოს. ეს ამ ხელისუფლებისგან ორმაგად სასაცილოა. ეს მაშინ, როდესაც თვითონ მიდის რუსეთის მიმართ გაუაზრებელ დათმობებზე არაერთხელ. მან ჩაგვისვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი. შემდეგ კი პუტინს ბოდიშებს უხდიდნენ იმის გამო, რომ კერძო ტელევიზიის ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს აგინა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში წავიდა. რის გამოც, ოპოზიციური მოლაპარაკების ფორმატი დატოვა თაკო ჩარკვიანმა და მისმა პარტიამ „კანონი და სამართალმა“. თუმცა, ჩარკვიანი აცხადებს, რომ მისი ხელმოწერა ძალაში რჩება, რაც პარტიებმა გააკეთეს და ასევე რჩება გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრად. ამავე დროს ემხრობა ქუჩის აქციებს, მათ შორის პიკეტირებასაც. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი