"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 16 აპრილის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.
პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.