მაიდანი, „ნაცმაიდანი“ და „ევრომაიდანი“ საქართველოში არ და ვერ იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, რითაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში 2014 წელს. თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ სცენარი კიდევ უფრო ძველია და 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალების სცენარისკენ მიდის მავანი, ახლა ცდილობს ტელევიზია აიღოს და პირდაპირ ეთერში შევიდეს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი ეთერი ღიაა მედიისთვის.

„ასეთი თავისუფალი მედია არასდროს ყოფილა. კარგად გაიხსენონ, რას აშუქებდა და რას არ აშუქებდა 2012 წლამდე არა მარტო „პირველი არხი“, ზოგადად მედია. მაშინ ერთი ტელევიზიის მიკროფონში ინტერვიუს ჩაწერა საკმარისი იყო, რომ მერე დანარჩენ მმართველ ტელევიზიებს „ნაციონალური მოძრაობისა“ იგივე სინქრონი გაეშვათ “, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.