არ ვუყურებთ ისე, რომ პრეზიდენტი მართლა დაპირისპირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამ წლების განმავლობაში ზურაბიშვილს ჩვენთვის ეს არ დაუმტკიცებია“, - ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს წლების განმავლობაში, გარდა სიტყვიერი დაპირისპირებისა, პრაქტიკულად არ დაუმტკიცებია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებულია.

„პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან“ სიტყვიერის გარდა, მას შემდეგ რაც დაუპირისპირდა მის ამრჩევ პოლიტიკურ ძალას, ამ ძალის საწინააღმდეგო პრაქტიკული ნაბიჯები არაფერი აქვს გადადგმული. სიტყვიერის გარდა, ეს შეიძლება საქმეც იყოს, როდესაც ბერკეტი აქვს.

ერთია, რასაც საჯარო სივრცეში ვავრცელებთ, მეორეა, კულისებს მიღმა რა ხდება. ჩვენ ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ. არ ვუყურებთ ისე, რომ პრეზიდენტი მართლა დაპირისპირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამ წლების განმავლობაში ზურაბიშვილს ჩვენთვის ეს არ დაუმტკიცებია“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურვილი რომ ჰქონოდა პრეზიდენტის გადაყენების, გადააყენებდა.

„იმპიჩმენტი, რომელიც ნულოვანი შედეგით დასრულდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტი მოუწყო, ვერ გადააყენეს. წარმოგიდგენიათ, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად რომ სდომებოდა პრეზიდენტის გადაყენება, იმ ოპოზიციიდან, რომელიც პარლამენტში ჰყავდა, ვერ იყიდდა შესაბამის ხმებს?- არ მჯერა ამის“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე განმარტებით, თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება, ბიძინა ივანიშვილს  მეორე მთავრობა ჰყავს მომზადებული, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დანიშნავს.

„როდის იქნება ბიძინა ივანიშვილი ბედნიერი? როდესაც „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და მთავრობას დააკომპლექტებს. თუ ვერ მოიგებს, მაშინ რა ხდება? - მაშინ ხდება ასეთი რამ: ბიძინა ივანიშვილს მეორე მთავრობა ჰყავს გამზადებული სალომე ზურაბიშვილის ხელით, რომელიც შეიძლება დანიშნოს, თუ ამას ოპოზიცია დათანხმდება. ეს იქნება ივანიშვილის მეორე ვარიანტი, რომ კვლავ თავისი მთავრობა იყოს, ოღონდ სხვა გზით“- განაცხადა ვახტანგ  მეგრელიშვილმა.