„აგრესია, ეს ყველაფერი წახალისებულია იმის გამო, რომ ერთმანეთში აღარ ვლაპარაკობთ და ტელევიზიებში დებატები არ არის. ოპონენტები როდესაც ერთმანეთს არგუმენტებს არ უცვლიან, ფაქტობრივად, აგრესია რჩება. არ მომწონს, რომ ეს აგრესია ორივე მხრიდან ღვივდება." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. 

" საერთოდ არ მომწონს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ადამიანები გულწრფელად აგინებენ. ყველაფრის გათვლა შეუძლებელია და ეს ყველაფერი, შესაძლოა, სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში ან რაიმე უბედურებაში გადაიზარდოს. ამაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ლაპარაკზე უარი თქვა და ისიც არ შეგვიძლია, გავარჩიოთ, ვინ არის მტერი, ვინ არის ომის პარტია, რა უნდათ ჩვენგან. გამოდის, ორივე მხარე ერთმანეთის დემონიზაციას ახდენს და საკუთარ აქტივისტებს ლეგიტიმაციას აძლევს, რომ მოწინააღმდეგის მიმართ შეურაცხმყოფელი თუ არაშეურაცხმყოფელი ქმედება განახორციელონ. ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რადგან ანტიდასავლურია და ყველაზე საშიში მდგომარეობაა, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა და მედიამ საზოგადოებაში შექმნან“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.