უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ფულადი სანქციები იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, საქართველოში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან სამ თვემდე გამოიწვევს დაჯარიმებას, 180 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარით. ასევე, ამ ნაწილში სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ექვსი თვით.

 

 

 

 

ცვლილებებით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან ერთ წლამდე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო ერთ წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას სამი წლის ვადით.

პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის.

ცვლილებებით, სანქციის სახით, 100 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა, მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისთვის.