რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ნებისმიერი ძალადობა მიმაჩნია მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იქნა მიღებული. მე, იმის გარდა, რომ ვწუხვარ ძალადობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეტყოდით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა და ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მე იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რამე დამატებითი გითხრათ. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც ყოვლადმიდა სამების საკათედრპ ტაძარში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი საზეიმო წირვას ესწრება.
""ბოლოს, როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოყვა. კონსპირაციული თეორიებიც იყო, რომ რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს იყო სტრატეგიული ნაბიჯი, თუ პოლიტიკაში მოსვლის სვლა თუ ა.შ. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზული არის. ახალს ვერაფერს გეტყვით, ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული, ამის იქით, თავისთავად აუცილებელია წესრიგის დაცვა ქვეყანაში"









