გვაქვს მოლოდინი, რომ 2 საათის განმავლობაში გამოვაცხადებთ პირველად შედეგს. მას შემდეგ, რაც ცესკოში მონაცემები გადმოიგზავნება, უკვე უბნებზე დაიწყება ხელით დათვლის პროცესი, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„26 ოქტომბერს, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მოსვლა 08:00 საათიდან, 20:00 საათამდე შეუძლია. საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი.
საარჩევნო უბანზე, პირველი პროცედურა, რასაც ამომრჩეველი გაივლის არის მარკირების შემოწმება. ამის შემდეგ აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი. ამომრჩეველს სამაგიდო სიების ნაცვლად დახვდებათ ვერიფიკაციის აპარატები. რეგისტრატორთან გადამისამართების შემდეგ მოხდება მისი ელექტრონული ვერიფიკაცია. მოხდება ვერიფიკაციის აპარატის შესაბამის ზოლში ID-ი ბარათის ჩამოტარება, სადაც ეკრანზე ნაჩვენები იქნება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ აპარატიდან ამოდის შესაბამისი ქვითარი, ამომრჩევლის ყველა მონაცემით და ამ ქვითარზე ხელმოწერით ამომრჩეველი ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მოვიდა.
მას შემდეგ, რაც 20:00 საათზე დასრულდება ხმის მიცემის პროცესი, ამის შემდეგ არის კანონით გათვალისწინებული რამდენიმე ეტაპი. თუკი ამომრჩევლებმა გადასატანი ბიულეტენით ისარგებლეს, მათი ბიულეტენებიც უნდა მოთავსდეს ხმის მთვლელ აპარატში, ამის შემდეგ, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით გვეცოდინება პირველადი შედეგები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 2 საათის განმავლობაში გამოვაცხადებთ პირველად შედეგს. მას შემდეგ, რაც ცესკოში მონაცემები გადმოიგზავნება, უკვე უბნებზე დაიწყება ხელით დათვლის პროცესი“, - განაცხადა იოსელიანმა.