ამ ეტაპზე რაც გავიგეთ ალბათ ნიშნავს შემდეგს: ტრამპი აღარ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს იმას ნიშნავს რომ გადაიფიქრა ახალი სანქციების შემოღება. ამას თავისი ლოგიკა აქვს. ახალი სანქციები ჩინეთთან და ინდოეთთან დაპირისპირებას ნიშნავს, რაც არ იქნება იოლი. ამერიკა ჩინეთიდან იშვიათი მინერალების იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული. ინდოეთი კი მისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სწორედ ჩინეთის შესაკავებლად. - ამის შესახებ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს. 


"პუტინი დონეცკის გარდა სხვა დარჩენილ ტერიტორიებს არ ითხოვს. ეს იმიტომ რომ რუსებს მხოლოდ დონეცკში თუ აქვთ ფრონტის გარღვევის შანსი. ტრამპმაც ალბათ ჩათვალა რომ რუსები ოდესღაც დონეცკს მაინც დაიკავებენ და ზელენსკის შესთავაზა ეს მხარე დათმოს.

ზელენსკი ცხადია რომ არ თმობს. ტრამპი საპასუხოდ მას შეიძლება დაეთანხმოს (მათ შორის ევროპის მხრიდან ზეწოლის გამო). ეს ნიშნავს რომ გაგრძელდება ომი და გაგრძელდება მოლაპარაკებები. ახალი სანქციები ამერიკის მხრიდან ალბათ აღარ იქნება. ამერიკა იარაღს უკრაინას აღარ მიაწვდის. ამ იარაღს ევროპა იყიდის და ის მიაწვდის. ვნახოთ ეს რამდენად საკმარისი იქნება. ვნახოთ რამდენს გაიღებს ევროპა.

არც ისაა გამორიცხული ზელენსკის უარს პასუხად რაიმე ზეწოლა მოჰყვეს ამერიკის მხრიდან. მაგალითად სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეჩერება. ტრამპს აშკარად უნდა ამ ომის დასრულება. არა მხოლოდ ნობელის პრემიის გამო. ამერიკა ამ ომის გამო ვერაფრით ახერხებს ჩინეთის შეკავებაზე გადართვას. 
არც უკრაინული მინერალები უნდა დავივიწყოთ. მათი დიდი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინაშია და თუკი რუსეთი წინსვლას გააგრძელებს მინერალებს სწორედ ის დაეპატრონება.

მაგრამ უკრაინის მიტოვებას სასტიკად ეწინააღმდეგება ევროპა. ევროპის განაწყენება კი არანაირად არ შეიძლება. მითუმეტეს თუკი ჩინეთზე გადართვას აპირებ.

მოკლედ, ძალიან ბევრია დამოკიდებული ევროპაზე. ჯერჯერობით ის დგას. მაგრამ არაა გამორიცხული იქ პოპულისტი ლიდერები მოვიდნენ რომლებიც იტყვიან, რომ ხალხი დაიღალა უკრაინის ომის ხარჯებით.
რუსეთის უკან კი ჩინეთი დგას რომელსაც არანაირად არ შეუძლია დაუშვას რომ ამ ომში რუსეთმა წააგოს." - წერს თორნიკე შარაშენიძე.