რაც შეეხება რადიკალთა რიგებში მიმდინარე ვნებათაღელვას და დაპირისპირებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მართლაც არის თვითლიკვიდაციის საბოლოო, ერთგვარი ეტაპი, ფინალური სტადია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
„მათ უნიჭობაში დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ მათი გარე პატრონებიც დარწმუნდნენ. როდესაც საუბარია ელემენტარულ ურთიერთობებზე, მათ ვერ მოახერხეს ის, რომ თუნდაც ფორმალურად, ბუტაფორიულად საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ის, რომ ერთიანნი არიან. პირიქით, მათ ბოლომდე მისცეს სარბიელი საკუთარ პოლიტიკურ ეგოს და შედეგებიც სახეზეა.
რაც შეეხება საკუთრივ „ნაცმოძრაობას“, ეს კიდევ ცალკე ეპიზოდია ამ ისტორიისა იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტია, თავად „ნაცმოძრაობაშიც“ ისევე, როგორც მის სატელიტ პოლიტიკურ ძალებში, არავითარი რესურსი აღარ არსებობს რაიმე ტიპის განახლებისა. საუბრობენ ვითომ რაღაც რეფორმებზე, საკადრო გადაადგილებებზე, მაგრამ საზოგადოებას უკვე ძალიან დიდი ხანია მათთვის გამოტანილი აქვს საბოლოო პოლიტიკური ვერდიქტი. შესაბამისად, რესურსი ნულოვანია იმის, რომ მათ შეძლონ პოლიტიკური რეინკარნაცია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.












