პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა "რუსთავის 2" -ის გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

"ჩვენ ყოველთვის უნდა დავტოვოთ შესაძლებლობების ფანჯარა ღია იმისათვის, რომ მიეცეს მეორე მხარეს საკუთარი გარკვეული ქმედებების გადახედვის შესაძლებლობა. მგონი, ყველა ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ ჯერჯერობით, ეს ყველაფერი დღის წესრიგში რჩება, ანუ ეს პრობლემები კვლავ არსებობს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

ჩვენ აბსოლუტურად პირნათელნი ვართ უკრაინასთან მიმართებით და, მეორე მხრივ, მზად ვართ ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც შეიძლება, მათ შორის, უკავშირდებოდეს იმას, რომ სამომავლოდ პრობლემათა ის წყება, რომელზეც ვსაუბრობდით, დღის წესრიგიდან სრულად თუ ნაწილობრივ მოიხსნას - ამას მომავალი გვიჩვენებს.

წინასწარ პროგნოზების გაკეთება ცოტა უმადური საქმე შეიძლება იყოს - ამას გვიჩვენებს მომავალი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ერევნის სამიტის შემდეგ საკმაოდ მაღალი დინამიკით გამოირჩევა ეს კომუნიკაცია.

ასე რომ, დაველოდოთ - უახლოეს ხანებში, ვფიქრობ, გვექნება დაკვირვების შესაძლებლობა იმაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებში შეიძლება იყოს გამოხატული უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან გადასინჯვა იმ დამოკიდებულებისა, რომელიც მათ წლების განმავლობაში აბსოლუტურად უსამართლოდ გააჩნდათ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.