ფორუმი საერთაშორისო პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის“ (SMART4RURAL) ფარგლებში ჩატარდა და მასში ოთხი ქვეყანის, საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვასა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფორუმი გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და თურქეთის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა და მწვანე ეკონომიკის განვითარება საერთო გამოწვევებია, რომელთა გადაჭრაც თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. წყალტუბოში კომპოსტირების ცენტრის ფუნქციონირება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავეცნოთ კომპოსტირების სფეროში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და ხელი შევუწყოთ მწვანე, ჯანსაღი გარემოს შექმნას“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ძირითად აქტივობებსა და კომპოსტირების სფეროში დანერგილ პრაქტიკაზე ისაუბრეს ქალაქ უნგენის (მოლდოვა) მერის მოადგილემ ედუარდ ბალანმა, ორგანიზაცია ტექნოპოლ გალაცის(რუმინეთი) წარმომადგენელმა-ლაურენტიუ დრასოვეანმა და პროექტის კოორდინატორმა რიზეს მუნიციპალიტეტიდან (თურქეთი)- მუსტაფა ბალტაშმა.
ფორუმის მონაწილეებს პროექტის "სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის" შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ.
ფორუმის მონაწილეები გაეცნენ ნარჩენების მართვის სტრატეგიებისა და კომპოსტირების გამოცდილების შესახებ პროექტში ჩართული ქვეყნების: საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვასა და თურქეთის წარმომადგენელთა პრეზენტაციებს, განხილვის მთავარი თემები იყო სათემო კომპოსტირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამომავლო თანამშრომლობა.
მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნახატები და ნარჩენებისაგან შექმნილი ნამუშევრები. მონაწილეობა მიიღეს კომპოსტირების პრაქტიკულ სამუშაოებში.
ფორუმზე ხელი მოაწერეს „წყალტუბოს სათემო კომპოსტირების დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის საერთაშორისო პლატფორმის ჩამოყალიბებას და ფორუმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში, ქალაქ წყალტუბოში გამართვას.
ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს წყალტუბოს კომპოსტირების ცენტრის მშენებლობის პროცესი, შპს „ჰერბიას“ მეურნეობა, ქუთაისის საკომპოსტე ცენტრი და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც გაეცნენ მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს.








