პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებათა სამიტში საქართველოს მონაწილეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც უაღრესად წარმატებული და ძალიან მალე, მათ შორის, ამ სამიტის შედეგები, გაცილებით უფრო მკაფიოდ იქნება ხელშესახები და ხილული საზოგადოებისთვის.

როგორც ჭეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფანს, დაკავშირებადობის ფუნქციის მქონე ქვეყანას, უაღრესად აქტუალურ სახელმწიფოს წარმოაჩენს ძალიან ბევრი საერთაშორისო აქტორისთვის და ეს შესაძლებლობა სათანადოდ იყო, არის და იქნება გამოყენებული.

"ევროპული პოლიტიკური გაერთიანებების სამიტი, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისათვის, რათა საქართველოს ხელისუფლებას წარმოეჩინა ერთი მხრივ ის პროგრესი, რომელიც საქართველოში ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, აქ რა თქმა უნდა, აქცენტი დასმული იყო ენერგეტიკულ საკითხებზე, ენეგროუსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებით თუ რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს დაკავშირებადობის ფუნქცია და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებდა, ორმხრივ რეჟიმში გაიმართა რამდენიმე ათეული შეხვედრა, კომუნიკაცია შედგა და ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ჩვენ შევძლოთ სხვადასხვა მხრივ დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება.

სამიტზე საქართველოს მონაწილეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც უაღრესად წარმატებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე, მათ შორის, ამ სამიტის შედეგები, გაცილებით უფრო მკაფიოდ შეიძლება იყოს ხელშესახები და ხილული ჩვენი საზოგადოებისთვის. ზოგადად, ჩვენ თუ დავაკვირდებით დღეს თანამედროვე მსოფლიოში, რეგიონში და ფართო რეგიონში საქართველოს ადგილს, იმ ყოველივეს გათვალისწინებით, რაც ხდება, რომ საქართველო ფაქტობრივად წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს. ვინაიდან, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, უკრაინაში მიმდინარე ომი, თავისთავად, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფანს, დაკავშირებადობის ფუნქციის მქონე სახელმწიფოს, უაღრესად აქტუალურ სახელმწიფო წარმოაჩენს, ძალიან ბევრი საერთაშორისო აქტორისთვის და ეს შესაძლებლობა სათანადოდ იყო, არის და იქნება გამოყენებული", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.