[აქამდე] ყველა დატყვევებული იყო. ის ადამიანები, რომლებიც არიან თავისუფლებაზე, ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ გაერთიანების აუცილებლობას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ავტოკრატიასთან ბრძოლა გაცილებით უფრო ეფექტურია ერთიანობის პირობებში. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ტიპის გამსხვილება მაინც იქნება შესაძლებელი, ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედს არ ვკარგავ. ზურა ჯაფარიძე მუდმივად საუბრობს ამაზე,გიორგი ვაშაძეც ყოველთვის მომხრე იყო გაერთიანების, რაღაც ტიპის გაერთიანება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეს არ უნდა იყოს ისევ იგივე ძველი სახეების გადაჯგუფება, მარტო სახელების გამოცვლა კი არ უნდა იყოს, სიახლის, ახალი ენერგიის, ახალი იმედის, ნდობის აღდგენა უნდა იყოს საზოგადოებასთან. ამას გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება. [აქამდე] ყველა დატყვევებული იყო. ის ადამიანები, რომლებიც არიან თავისუფლებაზე, ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ გაერთიანების აუცილებლობას, მაგრამ თუ მართლა არ მოხერხდა, რაღაც მომენტში ალბათ მენტალური ბოლო ვადა უნდა განვსაზღვროთ. რაღაც ნაწილი თუ მაინც შევძლებთ და გავერთიანდებით, ადამიანებს თუ აღვუდგენთ ცვლილების იმედს და ნდობას პოლიტიკური პროცესების მიმართ, ესეც მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.








