ქვეყანაში დიქტატურის ნაწილია გუშინდელი გადაწყვეტილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ მეტი სიმტკიცე, ერთიანობა, უფრო მეტი კონსოლიდაცია.
„ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, დღესაც სწორედ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.
მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და, კონკრეტულად აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე. და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს დიქტატურა შედგა, თავად შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და აშშ-ს.
ყველაზე ძალიან რაც მიკვირს, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ, ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან, აშშ-თან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს ან როგორიც შესაძლოა, მომავალში ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება.
ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ მეტი სიმტკიცე, ერთიანობა, უფრო მეტი კონსოლიდაცია, ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, სიმართლისთვის, რომელიც ჩვენს მხარეს არის, სიმშვიდისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება უდავოდ ჩვენი და გამარჯვება აუცილებლად მოვა, ამისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანი ბრძოლის გაგრძელება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.








