უბრალოდ, არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ამ ქვეყანაში ასეთი ჯოჯოხეთი იყოს პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ლელოს“ საორგანიზაციო მდივანი, თამაზ დათუნაშვილი, წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვის ფაქტს.
„ბატონი იონათამიშვილი თავის თავს დელფოსის მისნად თვლის თუ წინასწარმეტყველ ხბოდ, ნამდვილად არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მე ასე ხელაღებით ვერ ვიტყოდი, რომ ან ის არის, ან ეს. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. მეტი დეტალი არ მაქვს გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ. სუსტი იმედია, რომ გამოძიებული იქნება და უბრალოდ, არ შეიძლება ასეთი ჯოჯოხეთი იყოს პოლიტიკა 21-ე საუკუნეში ამ ქვეყანაში. გამოძიება რომ შედგება და ეს იქნება ობიექტური სამწუხაროდ ამის იმედი აღარ მაქვს უკვე არცერთ საკითხზე ამ ქვეყანაში, მაგრამ თავისთავად აღმაშფოთებელია ის, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე პოლიტიკა ჯერ კიდევ ის საქმეა, რომელშიც სიცოცხლის რისკი შეიძლება დაგიდგეს და ასეთი მძიმე მოვლენები ხდებოდეს. წარმოგვიდგენია რამხელა შოკი შეიძლება იყოს, როდესაც შენი საქმიანობის გამო შეიძლება ასეთი რამ გაგიკეთონ“,- აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.