„საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და თავდაცვის ძალებს მიენიჭება უფლებამოსილება, კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელოს. მოქმედი კანონის რედაქციის თანახმად, აღნიშნულ უფლებამოსილებას თავდაცვის ძალებში ახორციელებს სამხედრო პოლიცია. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, რომელიც დოკუმენტში მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექცია თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და შესაბამის რეაგირებას, ასევე ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, თუმცა მას არ გააჩნია გამოძიების უფლებამოსილება. მთავრობა მიიჩნევს, რომ თუ კი გენინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთება სისხლის დანაშაულის ნიშნები, უმჯობესია, მანვე წარმართოს გამოძიების პროცესი, რადგან საქმის მასალები მის მიერ უკვე შესწავლილია.