ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და სტატუსის შემდგომი პროცესის გასაგრძელებლად ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
ხათუნა სამნიძის თქმით, უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედის გამართლება.
„უმნიშვნელოვანესია, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის, რაც ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ხშირად ამბობდნენ, ამდენი ოპტიმიზმი არ შეიძლებაო. თურმე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ახლაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ეს სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას. ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ და ვაპირებთ, ამ პროცესში სერიოზულად ჩავერთოთ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და ერთად მუშაობას. ურთულესი პროცესი იქნება, მაგრამ დღეს არ არის პრობლემებზე საუბრის დღე. სტატუსს არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება. ეს არის ქვეყნის მომავლისთვის მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავამართლოთ მოქალაქეების იმედი, რომ შევძლებთ, მიუხედავად დაპირისპირებისა და სიძულვილისა, ვითანამშრომლოთ ერთად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ამასთან, თეონა აქუბარდიას თქმით, ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებმა ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
„ეს არის ის სანუკვარი ოცნება, ნატვრა, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. ეს ყველას დამსახურებაა. თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, მინდა, მადლობა გადავუხადო. მინდა, მოვულოცო უკრაინასა და მოლდოვას მნიშვნელოვანი წინსვლა ევროკავშირისკენ. რომ არა უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის, არ გვექნებოდა ჩვენ ეს შესაძლებლობა და მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირის ლიდერებს, ელჩებს საქართველოში, რომლებიც ასე მუშაობდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღევანდელი დღე არის ზეიმის დღე, თუმცა ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება უკვე შემდგომი პროცესის გასაგრძელებლად, რაც არის მოლაპარაკებების დაწყება, ისე როგორც ამას მიაღწია უკრაინამ და მოლდოვამ და რაც, საბოლოოდ, არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამას სჭირდება ურთულესი რეფორმების განხორციელება, ერთიანობა და ჩვენ მზად ვართ როგორც მუშაობისთვის, ასევე ერთიანობისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
როგორც თამარ კორძაიამ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ შრომა, ეს არის პროცესი და ამ პროცესით ქართველი ხალხი მიაღწევს შედეგებს სამომავლოდ.
„ვულოცავ მთელ საქართველოს გუშინ ევროპაში მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით. უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ იმას, რაც მიიღეს. უკრაინამ გახსნა ყველასთვის ეს შესაძლებლობა, ამიტომ, მათ განსაკუთრებულად ვულოცავ. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გაუხარდა, რადგან ეს არის ჩვენი პერსპექტიული მომავლისთვის.
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს თითოეული მოქალაქის უფრო მეტ კონტროლს ხელისუფლებაზე, უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლას. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი იქნება განათლების სფეროში, გარემოს დაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. ეს არის ჩვენი შანსი, წინ წავიდეთ. ამიტომ, ყველას გილოცავთ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნებისა. ყველას, ვისაც სურს, ეს ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ შრომა, ეს არის პროცესი და ამ პროცესით ჩვენ მივაღწევთ შედეგებს სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.