არავის მითითებებზე ასკინკილით სიარულს არ ვაპირებ. მე ვარ ქართველი, ვარ ამაყი, რომ ვარ ქართველი და, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობ იმით, რაც არის ქართული საქმის ინტერესში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს.
„თქვენ თუ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გააძლიერებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დაიწყება ჩვენს ქვეყანაში რაიმე ფორმით დესტაბილიზაცია, ებრძვით რა იმას, რაც არის მიმართული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. რიტორიკული კითხვაა, ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგებით, ვისაც ასაკი გიწყობთ ხელს, გახსოვთ, რა იყო 90-იან წლებში, რა იყო 2008 წელს, რად დაუჯდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ერთმანეთის მიყოლებით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში რუსეთისთვის მოეგო საჩივრები. ეს არ გააკეთა იმ ხელისუფლებამ, რადგან არ იყო მათ ინტერესში. ეს ჩვენ გავაკეთეთ. თუ დაგისვამთ კითხვა, რად დაუჯდა ამ ხელისუფლებას ის, რომ მოეტანა საქართველოსთვის თუნდაც ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, აღარაფერს ვამბობ უვიზო რეჟიმზე. ძალიან მარტივია, დაიყენო წინ გულანთებული თუ სხვა ახალგაზრდა, რომელიც 7-8 წლის იყო და არც ის ახსოვს, როგორ მართავდა სააკაშვილი ამ სახელმწიფოს, არც ის ახსოვს, ამ ქვეყანაში რამდენი ომი იყო და რას ნიშნავს ომი. ჩვენ დღეს ხომ გვყავს უკვე, მადლობა ღმერთს, ახალი თაობები, რომლებსაც არ ახსოვთ ომი. ამიტომ ვისაც გვახსოვს და რაღაცები ვიცით, დავსვათ კითხვა, აქ თუ დაიწყო დესტაბილიზაცია, რადგან სახელმწიფო არ არის საკმარისად ძლიერი, შავი ფულით შემოსული მექანიზმებით მოირყა რაღაცები, რაც არის ფუნდამენტი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის, ამაზე იღებთ პასუხისმგებლობას?
მოდით, ერთმანეთს ნუ ვასწავლით, რა არის ევროკავშირი და რა არის ევროპული სტრუქტურები. მთელი ათი წელი, მთელი ჩემი შეგნებით, როგორც საჯარო მოხელე, ვემსახურე სწორედ ევროპულ სტრუქტურებს. მთელი ათი წლის განმავლობაში ვემსახურე იმას, რომ არსად დაკარგულიყო არცერთი ქართველი პატიმრის, არცერთი ბრალდებულის და არცერთი საკუთრებაწართმეული საქართველოს მოქალაქის სიმართლის მარცვალი, რადგან ამ ქვეყანაში არც ციხე იყო, ციხე რასაც ჰქვია, ეს იყო რაღაც მწამებელთა ორგანიზაცია, არც სასამართლო იყო და არც საკუთრების უფლება. ამ დროს ვემსახურე ევროპულ სტრუქტურებს ათი წლის განმავლობაში უმძიმესი საქმეების განხილვით. შესაბამისად, ვფიქრობ, დღეს მე, როგორც ევროპაში განათლებამიღებულ, აწ უკვე კონკრეტული ასაკის მქონე, არცთუ ისე ახალგაზრდა ადამიანს, ადამიანს, რომელმაც თავისი ყოველდღიური შრომის ათი წელი მიუძღვნა ევროპულ სტრუქტურებს და ვარ ამ ქვეყნის შვილი, ქართველი, მაქვს საფუძველი, ხმამაღლა ვთქვა, რომ არავის მითითებებზე ასკინკილით სიარულს არ ვაპირებ და არც ამის კეთება მეხერხება. მე ვარ ქართველი, ვარ ამაყი, რომ ვარ ქართველი, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობ იმით, რაც არის ქართული და ქართული საქმის ინტერესში. ჩვენ ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.