მცდელობაა, რომ მთლიანად გააქრონ პოლიტიკური სპექტრი და სრულად მოკლან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს, ზღაპარს. ბრალდების ყველა სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი სრული ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 "მეს არის დანაშაული, რომელსაც რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. ივანიშვილი ამოცანაა, კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ვართ ჩართული რეჟიმის წინააღმდეგ. რუსულმა ოცნებამ პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერაფრით ვერ მოახერხა. სავარაუდოდ, არც იმ აბსურდის სჯერათ, რასაც ჰქვია პარტიების გაუქმების პროცედურა და გადაწყვიტა, დაატუსაღოს და ციხეში ჩასვას მთლიანად პოლიტიკა. ვერცერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. „ლელო – ძლიერი საქართველო“ იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით, რომ რუსული 200-წლიანი ბატონობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

 შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ