ჩვენ დღევანდელ სივრცეში ერთობას ვერ ვხედავთ, მით უმეტეს ვერ ვხედავთ, ჩვენი და „ნაცური“ წარმომადგენლობის პარტიებთან, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, მათი პარტია მიყვება დღის წესრიგს, რომელიც, მისივე თქმით, კონსტიტუციური და მშვიდობიანია.

„ერთობაზე საუბარი ზედმეტია, როცა „ნაცმოძრაობის“ განშტოებებია, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში არიან განაწილებული. მათ შეუძლიათ, შეერთდნენ და „ნაცმოძრაობის“ ერთობა იყოს. ჩვენ ჩვენს მყარ დღის წესრიგს მივყვებით, რომელიც კონსტიტუციურია და მშვიდობიანია. ჩვენ ბრძოლისთვის არჩევნები ავირჩიეთ, როცა სხვებმა „ოცნების“ მიერ დაგეგმილი 4 ოქტომბერი აირჩიეს და ქვეყანა უარესს მდგომარეობაში ჩააგდეს. ჩვენი ბრძოლა მწვავე და თანმიმდევრულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო „ნაცური“ წარმომავლობის პარტიების და მათი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრძოლასთან. ეს გაერთიანება „ჩაფლავდება“, როგორც „ჩაფლავდა“ აქამდე არსებული გაერთიანებები. ისინი ამ ნაბიჯების გადადგმით „ოცნებას“ ემსახურებიან. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ნიჰილიზმს აჩენს, რადგან 4 ოქტომბერი, ბოიკოტი და სხვა ნაბიჯები ვნახეთ, რომელმაც ხელისუფლება მკვეთრად გააძლიერა.

რა მდგომარეობაც  ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოა. ჩვენთვის ეს ყველაფერი წითელი ხაზია, ჩვენ ქართულ პოლიტიკას პრაგმატულად ვუყურებთ. კარგად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ და რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ის ფაქტორი ვართ, რომელმაც გააცოცხლა პარლამენტში მწვავე ოპონირება და შეიცვალა პარლამენტში ვითარება, რადგან საკანონმდებლო ორგანო „ოცნების“ ოფისად იყო ქცეული – ჩვენ შემოვედით და ოპონირებას ვწევთ“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.