„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ახალგაზრდების მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საუბრობს. როგორც მან გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა, კონკრეტული ძალები ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რათა ისინი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისას ფარად გამოიყენონ.
„გული მწყდება, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები აქვთ და რომელთა გამოაშკარავებასაც მიზნად ვისახავთ (ჩვენ გვინდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც გამჭვირვალობა დემოკრატიულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია), ზუსტად ახალგაზრდები ჰყავდათ აფარებული, ისევე როგორც მელიას ჰყავდა მანამდე - კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისას. ეს ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან უმართავები იყვნენ, სამართალდამცავებს შეატოვეს. ისინი ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, დიდ ქვებს და ამ ფონზე, ვინმე რომ იტყვის, ეს კანონიერი, მშვიდობიანი პროცესი იყო, რომელიც გამოხატვის უფლებას ემსახურებოდა, დიდი ბოდიში, მაგრამ - საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელის დაბლოკეს, მეორე სართულზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეგადეს და ხანძარი გააჩინეს - ეს არანაირად ჯდება კონსტიტუციის იმ პრინციპებთან, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება და მოქმედება ეწოდება.
ახალგაზრდებზე ვსაუბრობ და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია თსუ-ში მიბრძანდა, ტრენინგს უტარებდა, საჯარო მიმართვა ჰქონდა ახალგაზრდა სტუდენტებთან და პირდაპირი მნიშვნელობით ტვინს ურეცხავდა და ეუბნებოდა, რომ ეს არის რუსული კანონი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რაიმე სამართლებრივი არგუმენტაცია ამის დასადასტურებლად გააჩნდეს. თუმცა აქ საუბრობენ აღქმებზე და არა - ფაქტებზე. რამდენიმე სტუდენტი წამოდგა, როგორც მაქვს ინფორმაცია, და ჰკითხა, თუ რა არის პრობლემა იმაში, რომ ჩვენ ვიცოდეთ საიდან ფინანსდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ და იქ დამსწრე საზოგადოებამ ეს სტუდენტები გაკიცხეს და უთხრეს, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები და მოგზავნილები. მათი ახალგაზრდებთან მუშაობის სტილიც ვნახოთ, ხომ?! შენ თუ მისული ხარ ახალგაზრდებთან, რომ არგუმენტებზე კონტრარგუმენტები მოისმინო და შინაარსობრივად განიხილო საკითხი, მაშინ რატომ არის ის 3-4 სტუდენტის მიერ წამოყენებული მოსაზრება შენთვის მიუღებელი? - იმიტომ, რომ შენ პოლიტიკური დავალება გაქვს მიღებული, რომ ამ პროპაგანდას უნდა ეწეოდე და ტვინი გამოურეცხო ახალგაზრდობას“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.