საქართველოში რუსეთის მიერ შემოტანილი პაკეტი დევს, თითქოს რუსეთი მზად არის, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, არ ეგულება მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას ამ სისულელეში შეჰყვება.
„ორი დღის წინ დავწერე, რომ საქართველოში რუსეთის უმაღლესი პროპაგანდისტი იმყოფებოდა. სინამდვილეში, მაღალჩინოსანი იყო, რომელიც ძალიან ჩუმად შემოიყვანეს. ერთპროცენტიან იმედს ვიტოვებდი, რომ შეიძლება რაღაც კარგისთვის იყო შემოსული და ეთქვა ამ ხელისუფლებას, რომ ისეთი რაოდენობის ხალხია გარეთ, უკან გავიწვევთ კანონსო. რა აღმოჩნდა? რუსეთის მიერ უკვე შემოტანილია და უკვე დევს პაკეტი, რომელიც მიაწოდეს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში გაჟღერდება. ეს არის სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნების თემა, რომლის შემოგდებაც უნდათ საზოგადოებისთვის სატყუარასავით, თითქოს რუსეთი მზად არის, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს. სინამდვილეში, რა არის – არ მეგულება ჯანმრთელი მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ სისულელეში შეჰყვება ხელისუფლებას. ჩვენი ტერიტორიები – აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია. ისმის კითხვა: დაბრუნების შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის აღდგენის პირობებში, რუსეთის იურისდიქციის პირობებში მოხდება ეს ყველაფერი თუ მთლიანი ანექსია ემუქრება საქართველოს? საქართველოში რუსეთის მიერ შემოტანილი პაკეტი დევს, რომელიც ხელისუფლებას შესთავაზეს, რომ საქართველოს ანექსია მოხდეს და ეს შეფუთული იყოს, როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების მცდელობა, სინამდვილეში კი, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის, პოსტსაბჭოური ქვეყნების გაერთიანების პირობებში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.