“ძალიან უცნაურია ოპოზიციის პოზიცია, რომელიც სრულიად სხვა რამეს ამტკიცებდა წლების განმავლობაში, ხოლო როცა კანონპროექტის სახე მიიღო, დაიწყეს საუბარი, თითქოს ეს ოპოზიციის შეზღუდვაა, თუმცა ამას ვერაფრით ამტკიცებდნენ,” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა.
სუბარის თქმით, აუცილებელია ზედა ზღვრის დაწესება, რათა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეეძლოს საქართველოში დიდი ფულის ჩადება და პოლიტიკური ლანდშაფტის სრულად შეცვლა.
„მართლაც უცნაური ვითარებაა - მხარს ვუჭერ და ხმას ვაძლევ კანონს, რომელსაც არ ვიცი რატომ ვიღებთ, მაგრამ, რადგან მოითხოვეს და ეს იყო ერთ-ერთი ევროკავშირის რეკომენდაცია გააკეთეთო - გავაკეთოთ. ძალიან უცნაურია ოპოზიციის პოზიცია, რომელიც სრულიად სხვა რამეს ამტკიცებდა წლების განმავლობაში, ხოლო როცა კანონპროექტის სახე მიიღო, დაიწყეს საუბარი, თითქოს ეს ოპოზიციის შეზღუდვაა, თუმცა ამას ვერაფრით ამტკიცებდნენ. მარტივი რამ შეიძლებოდა - ყოველდღე რომ დადიოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში და ითხოვდნენ, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ჩასულიყვნენ და ეთქვათ, რომ არ გვჭირდება ეს კანონი და არ მივიღებდით მას. ახლა კი ვიღებთ, იმიტომ, რომ არის ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მხარს ვუჭერ პირადად და „ხალხის ძალის“ სახელითაც. რაც შეეხება ზედა ზღვრის დაწესებას, არის ქვეყნები, სადაც ზედა ზღვარი არ არსებობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში შეიძლება მილიარდი ჩადოს ზოგიერთმა ბიზნესმენმა პარტიის ან პრეზიდენტობის კანდიდატის დაფინანსებაში. მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ჩვენი ოპოზიციონერების წინადადებას, რომ ზედა ზღვარი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მაგალითად ოსმანოვმა რუსეთიდან ან ვინმემ სოროსის ფონდიდან შეიძლება იმდენი ფული ჩადოს ქვეყანაში, რომ მთლიანად შეცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ზედა ზღვარი აუცილებელია, თუმცა არსებობს მისი გვერდის ავლის ხვრელები და სწორედ იმიტომ არსებობს სახელმწიფო, რომ ამ ხვრელებს მუდმივად ებრძოლოს.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.