„ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს უპირველესი მტერი, ბოლო 20 წლის განმავლობაში“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს სამშობლოს ღალატის მუხლით,
ქვეყანაში სისტემური წამების დაკანონებისთვის, რაც აღიარებული აქვს სტრასბურგის სასამართლოს.
„ზუსტად ომამდე ერთი თვით ადრე, პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც საერთოდ არ ეწერა სამშობლოს ღალატის ცნების ამოღება. სრულიად სხვა თემებზე იყო ლაპარაკი და უცებ, პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილები შეიტანეს. ის მუხლები, რომლებიც იყო შეტანილი, გააქრეს და სრულიად ახალი ცვლილება შეიტანეს - სამშობლოს ღალატი საერთოდ ამოიღეს. საბოლოოდ ვერ მოასწრეს ამის მიღება იმიტომ, რომ ამასობაში ომი დაიწყო და ომის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ ჩათვალეს საჭიროდ და სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს. გათვალისწინებული ჰქონდათ, რომ სამშობლოს უღალატებდნენ და ეს ცნება - სამშობლოს ღალატი გააქრეს კოდექსიდან. მართალია, იქ დარჩა მუხლები, რომლებსაც იგივე შემადგენლობა აქვს, მაგრამ ეს ცნება, რასაც ჰქვია სამშობლოს ღალატი, რომელიც არის ევროპული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის სისხლის სამართლის კოდექსებში (იგივე მუხლი აქვს უკრაინას, მოლდოვას, რომლებიც ჩვენზე წინ არიან ევროპასთან ურთიერთობებში) და ჩვენთან კი ეს მუხლი გააქრეს კოდექსიდან.
ბუნებრივია, ესეც უნდა დავაბრუნოთ იმიტომ, რომ სწორედ ამ მუხლით უნდა გასამართლდნენ ეს ადამიანები, როგორც ქვეყანაში სისტემური წამების დაკანონებისთვის, რაც აღიარებული აქვს სტრასბურგის სასამართლოს. ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - აკაკი ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, გვავალდებულებს, გავასამართლოთ სისტემური დანაშაულის დამკანონებელი პარტია და ხელისუფლება და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს უპირველესი მტერი ბოლო 20 წლის განმავლობაში“, - განაცხადა სუბარმა