ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აბსოლუტურად შეგნებულად, გაცნობიერებულად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის ქვეყნის მტრობა.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ვერ დავარქმევ კრიტიკულს, ეს იყო ქვეყნის საწინააღმდეგო, მტრული გამოსვლა. ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ეს იყო უცხო ქვეყნის აგენტის გამოსვლა. როდესაც მასზე ამბობდა ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და არა მხოლოდ ისინი, რომ ის აგენტია, როგორც ჩანს, მთლად ძალიან შორს არ იყვნენ სიმართლისგან. სხვანაირად არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ასე მტრობდეს ქვეყანას. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აბსოლუტურად შეგნებულად, გაცნობიერებულად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის ქვეყნის მტრობა. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი დადის უცხოეთში, ან საქართველოში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის ქვეყნის მტრობა. გუშინ მამუკა მდინარაძემ აიძულა ეთქვა, რომ დიახ, საქართველო, ქართველი ხალხი როგორც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ისე იმსახურებს ევროკავშირის წევრობასაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.