„საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს,” - ასე აფასებს თბილისში მიმდინარე აქციებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი და აცხადებს, რომ თუ არ მოხდება ვითარების განმუხტვა, მერე საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, უცხო ძალები შეეცდებიან სახელმწიფო გადატრიალების მომწიფებას.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, საჭიროა იმის ცოდნა ვინ რას აფინანსებს ქვეყანაში, რომ შემთხვევით არ დაგვიფინანსონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში. „ის, რაც დღეს ხდება გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ, პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები და წარმომადგენლები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ სახელმწიფო გადატრიალება მომწიფდეს და ქვეყნის სათავეში მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც შემდეგ მათ ნება-სურვილს უპირობოდ დაემორჩილება. განცხადებები, რომლებიც კეთდება, მაგალითად კელი დეგნანის, მეთიუ მილერის, ან საფრანგეთის ელჩის მიერ, წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს, ერთ კაბინეტში დაწერილივითაა.
ეს არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, სრულ იგნორირებას უკეთებს საქართველოს სუვერენიტეტს. საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს. მერე საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა.
ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს გამჭვირვალობის კანონი (აგენტების კანონს რომ უწოდებს კელი დეგნანი აბსოლუტურად შეგნებულად), არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ქვეყანაში, რომ შემთხვევით არ დაგვიფინანსონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.