ყველა, ვინც ამ სტიქიაში მოყვა, არ აჰყვა პანიკას და სამშვიდობოს გამოვიდა, 210-ვე მოქალაქე არის მამაცი სამოქალაქო თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა, სამწუხარო მოვლენას გავუსვა ხაზი, სურვილია გარკვეულ ჯგუფებში, რომ თითქოს ვინმე აკნინებს იქ ჩარჩენილი მოქალაქეების თავდადებასაც, თავგანწირვასაც, ურთიერთ გვერდში დგომასაც. 210 ადამიანი გადაურჩა ამ სტიქიას. 210-ვემ გამოიჩინა სამოქალაქო სიმამაცე, ზოგმა – თავდადება. „სანსეტ შოვის“ პერსონალი, რომლებმაც დამსვენებლები გამოიყვანა სართულ-სართულ, კიბეებით ჩამოიყვანა.
რუსთავიდან ორი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავად ამ ტერიტორიაზე არ იყვნენ, მოწყვეტილი იყვნენ, მაგრამ ღამე იქ დარჩნენ და ამ ბავშვებმაც კი გამოიჩინეს სამოქალაქო სიმამაცე, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სტიქიაში მოყვა, არ აჰყვა პანიკას და მაშველების მეშვეობით გამოვიდნენ სამშვიდობოს, ყველა ეს ადამიანი, 210-ივე მოქალაქე, რა თქმა უნდა, არის მამაცი სამოქალაქო თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, ერთ-ერთი უცხოელი, რომელიც აქ იყო გუშინდელ დღემდე და ეხმარებოდა უკვე სხვებს, საკვებს ამზადებდა მისი პროფესიიდან გამომდინარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.