აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5%-ს - სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რიკოთთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრების განცხადებას.
„აი, ეს არის რატომაც ეს პარტიები ვერასდროს ასცდებიან 2-3-5%-ს - სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ და მათ შორის, ტონს, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მიდგომები არის არასერიოზული.
რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს და იქ გზის მშენებლობას, რაიმე საკითხი თუ აქვთ, მათ პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლობა, უნდათ სადეპუტატო შეკითხვით, უნდა ინტერპელაციით შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი მოიკითხონ და ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მიიღონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით. „უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება.
ამასთან, პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგში.
„მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, თუ ამაზე მზაობა იქნება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით მივმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსება და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.