საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში რაიმე არეულობა არ არის და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა გამართა, ვინაიდან მსგავსი ფორმატის შეხვედრიდან დიდი ხანი იყო გასული.
მისი თქმით, რამდენიმედღიანი აჟიოტაჟი და ცრუ მოლოდინები იყო შექმნილი ამ თემასთან დაკავშირებით.
„ჩვენს გუნდს რა შეატყვეთ, რომ რაიმე არეულობა ან სისუსტე შეიძლება იყოს შიგნით? საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მიზეზი და საფუძველი იყო, რომ თავად ბატონ ბიძინას სურდა უმრავლესობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, რადგან ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან დიდი დრო იყო გასული. ფაქტობრივად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პერიოდში, სხვადასხვა ფართო ჯგუფით კომუნიკაციის შემდეგ, გუნდს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია. რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერებს ამის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ თავად გუნდს ფართო შემადგენლობით – არა. ამიტომ, ბატონი ბიძინას სურვილიც იყო, რომ ერთი წელია გასული, რაც ასეთი ხასიათის შეხვედრა არ ყოფილა და კარგი იქნებოდა, გაგვეარა, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში. პერიოდულად, ხან უმრავლესობის, ხან პოლიტსაბჭოს ფორმატებია გამოყენებული, რომ ინტენსიური განხილვების შესაძლებლობა გვქონდეს. ვნახეთ რამდენიმედღიანი აჟიოტაჟი, რომელიც მედიამ მოაწყო. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ ჩამოაყალიბოთ ცრუ მოლოდინები, რაც თავიდანვე იცით, რომ ცრუა, რადგან, საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ არარსებული ნდობა კიდევ უფრო იწევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
17 ოქტომბერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.









