პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ, რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა. სწორედ ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ გეგმის და დღემდე იმყოფება თანამდებობაზე. სამწუხაროდ, დღემდე არ გადმოსცეს საქართველოს, პირიქით, რამდენადაც ვიცი, თანამდებობაზე დააწინაურეს. ამიტომ, იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამის შემდეგ შეიძლება, სხვა საკითხებზე საუბარი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენები, საქართველოში გულაგების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და კურირებს მართლმსაჯულების რეფორმებს და ამაშია ამ მდგომარეობის მთელი ცინიზმი. ნაცვლად იმისა, რომ ის ექვსწლიან სასჯელს იხდიდეს საქართველოს ციხეში. რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, თუ ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი შეგრძნება არ გააჩნია სახელმწიფოსი, სამშობლოსი, ქვეყნის. მათთვის სულერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა. ასე, რომ პრობლემა არის იმაში, თუ რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, არამედ მთავარია, ამას საქართველოში სწორი შეფასება მოჰყვეს. ვფიქრობ, რომ ეს შეფასება არის ამ მხრივ მარტივი, თუ დავფიქრდებით, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს სამშობლოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიას „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულ მომავალს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა – მთავრობა.