,,მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. გვაქვს აბსოლუტური და უპირობო მხარდაჭერა მალტის მხრიდან ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან ანჯელო ფარუჯასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მალტელი კოლეგების მხრიდან საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, საქართველოს, ასევე აქვს მხარდაჭერა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს  ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"გვქონდა შინაარსობრივი საუბარი, მათ შორის,  მალტის, როგორც მოსახლეობით პატარა ქვეყნის, გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ მალტელ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა მათი მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.