ეუთო-ს მისიის არმიწვევა აშშ-ში აჩვენებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებისადმი ნდობის კრიზისია, განსაკუთრებით ეს ეხება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ.

„ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება მათი გამოყენება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ. საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითია, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოეხდინა და აერია სიტუაცია. ვიცით ფაქტებით, რომ ეს ორი დელეგაცია ზეწოლას ახდენდა ეუთო-ს დელეგაციაზე, რათა მათ შეეცვალათ თავდაპირველი დასკვნები. ასე რომ, ვინ თუ არა აშშ-მა და მისმა პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის სინამდვილეში რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ მისიას. ეს ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს, ამის გამოხატულებაა, რომ ეუთო-ს მისიაც არ მიიწვიეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.