როდესაც ახალისებ, მხარს უჭერ, უჩუმდები ძალადობას სხვა ქვეყანაში, შენ ამით უშვებ პრეცედენტს, რომ პოლიტიკური ძალადობა მისაღებია და ძალადობა, ზოგადად შესაძლოა იყოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და თუკი ამის პრეცედენტს უშვებ, ამ პრეცედენტის შედეგი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ამას მიიღებ საკუთარ ქვეყანაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პარიზის ქუჩები ფაქტობრივად საომარი ბატალიების სცენად არის გადაქცეული.
„მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში მოძალადეები ცდილობდნენ პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმს, პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, აზიანებდნენ პოლიციელებს, იცით რომ ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, რამდენიმე ათეული პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და ა.შ.
მაშინ ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნისგან და მათ შორის, საფრანგეთისგან, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტისგან
გვქონდა ან დუმილი ძალადობაზე, ან მოძალადეების მხარდაჭერა. მაშინვე ვთქვით, რომ ის, ვინც დუმს
ძალადობაზე ან მხარს უჭერს მოძალადეებს, საბოლოო ჯამში მიიღებს ძალადობას საკუთარ ქვეყანაში. ასეც ხდება იმიტომ, რომ როდესაც ახალისებ, მხარს უჭერ, უჩუმდები ძალადობას სხვა ქვეყანაში, შენ ამით უშვებ პრეცედენტს, რომ პოლიტიკური ძალადობა მისაღებია და ძალადობა, ზოგადად შესაძლოა იყოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და თუკი ამის პრეცედენტს უშვებ, ამ პრეცედენტის შედეგი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ამას მიიღებ საკუთარ ქვეყანაში.
დღეს ვხედავთ ამას, რომ პარიზის ქუჩები ფაქტობრივად რაღაც საომარი ბატალიების სცენად არის გადაქცეული. ვხედავთ პოლიციის ბრუტალურ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეების მხრიდან. ვხედავთ პროტესტის მოძალადე მონაწილეებს, მაგრამ ვხედავთ მშვიდობიან მონაწილეებსაც და მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ვხედავთ როგორ ძალადობს პოლიცია. ხელკეტებით როგორ სცემენ აქციის მონაწილეებს. შეგახსენებთ, რომ ხელკეტები საერთოდ არ გამოიყენება საქართველოში პოლიციის მხრიდან. პირდაპირ ხელკეტებით სცემენ, მიწაზე ათრევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ქალებს. იმედი გვაქვს, რომ საჯარო იქნება ის რიცხვები, რაც შემდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიებას ეხება. 5 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, ძალადობა პირდაპირ ეთერში ჩანდა. ამიტომ, საინტერესო იქნება შემდეგ, რომ მოვისმინოთ თუნდაც საფრანგეთის ელჩისგან რაღაც პერიოდის შემდეგ, რა არის შედეგები, რამდენი პოლიციელი დაისაჯა ამ ძალადობის გამო, რა სახის სასჯელები გამოიყენეს იმ ძალადობის გამო, რაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.










