"დადგა დრო, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდეს უცხოური ჩარევისა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საერთო საერთაშორისო სტანდარტზე – ისეთ სტანდარტზე, რომელიც თითოეულ წევრ სახელმწიფოს მისცემს ლეგიტიმურ ინსტრუმენტებს დემოკრატიული პროცესების დასაცავად და დაეფუძნება სუვერენიტეტის, ანგარიშვალდებულებისა და თანხმობის საერთო პრინციპებს.",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარე ჩარევამ ადგილი უნდა დაუთმოს ნამდვილ პარტნიორობას, რომელიც ხელისუფლებების თანხმობასა და ერების სუვერენიტეტს ეფუძნება.
„რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ უცხოური ჩარევის მასშტაბი იზრდება. თუმცა, აქ თვალთმაქცობაც იკვეთება: ზოგი სახელმწიფო, რომელიც თავად ერევა სხვათა საქმეებში, ამავდროულად, საერთაშორისო წესრიგის რღვევაზე წუხს. როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ჩაურევლობა საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი საყრდენია. ამასთან, ჩარევის პრაქტიკა – როგორი კეთილი განზრახვითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი – კონფლიქტის, უნდობლობისა და არასტაბილურობის ახალ საფრთხეებს წარმოშობს. შემდგომი გზა ნათელია: ჩარევამ ადგილი უნდა დაუთმოს ნამდვილ პარტნიორობას, რომელიც ხელისუფლებების თანხმობასა და ერების სუვერენიტეტს ეფუძნება. დადგა დრო, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდეს უცხოური ჩარევისა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საერთო საერთაშორისო სტანდარტზე – ისეთ სტანდარტზე, რომელიც თითოეულ წევრ სახელმწიფოს მისცემს ლეგიტიმურ ინსტრუმენტებს დემოკრატიული პროცესების დასაცავად და დაეფუძნება სუვერენიტეტის, ანგარიშვალდებულებისა და თანხმობის საერთო პრინციპებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ანგარიშვალდებულება და მასთან ერთად ლეგიტიმური დემოკრატიული მმართველობა სრულფასოვნად განვითარებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.











