პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე ისაუბრებს როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გზავნილზე, რომ აღარ უნდა განმეორდეს შეცდომა და მნიშვნელოვანია, საქართველოს მიენიჭოს სტატუსი.
მისი თქმით, სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე, რა დროსაც საუბარი შეეხება უკრაინის თემასა და დეზინფორმაციის პრობლემებს.
„ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ჩემთვის პირველი შესაძლებლობაა, რომ ასეთი სახის მაღალი დონის ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა. ეს კარგი შესაძლებლობაა, კოლეგებს შევხვდეთ და ვისაუბროთ, როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ვისაუბროთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხზე. ორმხრივი შეხვედრების გარდა, თავად კონფერენციასაც რამდენიმე თემატიკა აქვს. მექნება გამოსვლა უკრაინის საკითხზე, ასევე დეზინფორმაციის პრობლემაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მიტანა და იმის ახსნა, რომ შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან სტატუსზე გადაწყვეტილება ამავე დროს, გზავნილია ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ, მათ შორის ფიზიკურ ბრძოლის, რათა თავისი ადგილი დაიბრუნოს ევროპულ ოჯახში. ეს ასევე გზავნილია რუსეთის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამ ჯერზე ამ გადაწყვეტილებას ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს. შესაბამისად, საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს. ევროკავშირისთვის თავისი არსით სტატუსი არის პატარა ნაბიჯი, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულად გაიაზრონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.