„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი და მხარდამჭერი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, საქართველომ მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი და უზრუნველყო მათთვის თავშესაფარი, ფინანსური დახმარება და განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მომსახურებებზე წვდომა.
„როდესაც საუბარი პირდაპირ სამხედრო დახმარებას ეხება, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ. რუსეთი აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას; ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება მძიმდება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო გულმოდგინედ მიჰყვება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას, ეყრდნობა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებებს და მიზნად ისახავს მთლიანი რეგიონისთვის ძალიან საჭირო სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მნიშვნელოვანია, რათა რუსეთამდე მივიდეს ნათელი გზავნილი, რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ არის მისაღები.
„ამჟამინდელი კომპლექსური რეალობის გათვალისწინებით, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში, სადაც კვლავ არსებობს გამოწვევები, მათ შორის, სამხედრო ინციდენტები ყარაბაღში, რუსეთის დომინანტური სამხედრო პოზიციები, ეკონომიკური გამოწვევები. გვჯერა, რომ რეგიონის თავისუფლების მოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა საჭირო რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რეგიონი არ გვაძლევს დამშვიდების შესაძლებლობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბევრი დაინტერესებული მხარის ჩართულობის მიუხედავად, რაც ხშირად უშედეგო იყო, კვლავ ნარჩუნდება არეულობა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება კვლავ არ არის მიღწეული.
„საბედნიეროდ, ახლახანს ყარაბაღში განხორციელებული ესკალაციის მორიგი ეტაპი არ გადაიზარდა ფართომასშტაბიან შეტაკებებში. მომავალი გვიჩვენებს იქნება ეს თუ არა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრული. ამ კომპლექსურ ვითარებაში, საქართველო მხარს უჭერს მშვიდობის აღდგენასა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას. საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის კომუნიკაციის ხელშესაწყობად და გააგრძელებს წვლილის შეტანას რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. ჩვენ, აგრეთვე, მივესალმებით შერიგების პროცესს თურქეთსა და სომხეთს შორის და გვჯერა, რომ ეს პროცესი ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას გამოიღებს შედეგად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.