„საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს და ქართველი ხალხის ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.
მისივე თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ყოველთვის მზადაა, წვლილი შეიტანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში რუსეთიდან საპასუხო ქმედებების რეალური საფრთხის მიუხედავად. მისივე შეფასებით, წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ბევრი კუთხით, უკვე ისე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა. „უკვე 15 წელი გავიდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობას ჰპირდება და 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განაცხადი გააკეთა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალიანსის წევრთა დახმარებითა და მხარდაჭერით, განვავითარეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სცდება ნატო-ში გაწევრიანების საბაზისო სტანდარტებს, ხოლო ქართული სამხედრო ძალები ალიანსთან სრულად თავსებადი გახდა. შესაბამისად, დროა, მივაღწიოთ ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის პოლიტიკურ განზომილებაშიც. საქართველო, უკრაინის გამარჯვების შემდეგ ფორმულირებული, ახალი უსაფრთხოების წესრიგის სწორ მხარეს უნდა იდგეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს და მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. „უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს წარმატებულმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში აშკარა ლიდერად აქცია. თუმცა, როდესაც გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებული რეალური გადაწყვეტილების დრო დადგა, ევროკავშირმა უკან დაიხია და, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და 12 რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება.
„ველით, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილები მიღებული იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვითა და ფართო გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან. ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, ველით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად. ეს ნაბიჯები ხალხს მისცემს მიზანს გაერთიანებისთვისა და, ამ გაურკვეველ პერიოდში, უკეთესი მომავლის იმედს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ „შემდეგ ათწლეულში ევროკავშირისა და ნატო-ს საოცნებო ქოლგა საქართველოს ცაზე გაიშლება“.