წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, „ფაქტია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის, თანხმობის და თანამშრომლობის ხელშემწყობები უნდა ყოფილიყვნენ, დღეს, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, კონფლიქტების წაქეზების და პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ“.

„საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარ განზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.